ირაკლი კობახიძე - არსებობს გამონათქვამი: თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს თეორიას, მით უარესი ფაქტებისთვის, ეს შეესატყვისება რადიკალური ოპოზიციის მიდგომას, სინამდვილეში, თუ გაექცევიან ფაქტებს, მით უარესი მათთვის
არსებობს გამონათქვამი: თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს თეორიას, მით უარესი ფაქტებისთვის, ეს შეესატყვისება რადიკალური ოპოზიციის მიდგომას, სინამდვილეში, თუ გაექცევიან ფაქტებს, მით უარესი მათთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში, შემაჯამებელი სიტყვის დროს განაცხადა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა შეაჯამა ის დისკუსია, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
„ერთი, რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი და ტონალობა ოპოზიციის მხრიდან. სამწუხარო რაც არის, უმეტეს შემთხვევაში შინაარსი დარჩა უცვლელი. იყო საქმიანი ნაწილიც და მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას, დასვეს საქმიანი კითხვები, საქმიანად ჩაერთნენ დისკუსიაში, თუმცა იყო არასაქმიანი ნაწილიც ამ დისკუსიაში და აქ ტრადიციულად გამოირჩნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ ყველაფრით ტრადიციულად გამოირჩევიან ხოლმე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები, განცხადებები. ეს იყო, ტრადიციულად, „ლელო“, ეს იყო, ტრადიციულად, სახელი გვავიწყდება უკვე პარტიის – ნორჩი გახარიელები იყვნენ აქ წარმოდგენილი. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები. ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო. იმ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ბუჩუკური მოაწყო ერთადერთი პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა.
„მთლიანობაში, სამწუხარო რა არის. ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა. თქვენ ხედავდით, რომ მე ვცდილობდი, მაქსიმალურად მეთქვა სიმართლე ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ცალმხრივად ვისაუბროთ საკითხებზე. მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს ქვეყანასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ჩვენ ბოლომდე უნდა ვთქვათ სიმართლე. ეს არის ის, თუ სად ვიყავით, სად ვართ დღეს და არა არის ჩვენი მიზნები. არ შეიძლება ამ ფაქტების ცალმხრივად წარმოჩენა. მაგალითად, როდესაც საუბარია სიღარიბეზე, ფაქტები არის აბსოლუტურად ნათელი. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, გვქონდა მძიმე ვითარება, მემკვიდრეობა 2012 წელს, მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე და დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი კვლავაც რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის უბრალოდ ფაქტები. როდესაც საუბარია, მაგალითად, ბიუჯეტზე, ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი იყო რვა-ნახევარი მილიარდი ლარი და გახდა თითქმის 29 მილიარდი ლარი. ესეც არის ფაქტები. და ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, არის სამსჯელო, განსახილველი. ასევე, ჩვენ არ გავურბივართ იმაზე საუბარსაც, რომ არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემები. ეს არის სიღარიბე, ოკუპაცია, გვჭირდება მეტი ბიუჯეტი, მეტი დასაქმება“, – განაცახდა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემებზე საქმიანად საუბარი იქნებოდა მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი.
„თუმცა, საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ, რადიკალურმა ნაწილმა გამოავლინა სისუსტე. როდესაც გაურბიხარ ფაქტებს, ეს ერთმნიშვნელოვნად არის სისუსტის გამოვლინება. არსებობს ასეთი ცნობილი გამონათქვამი: თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს თეორიას, მით უარესი ფაქტებისთვის. დაახლოებით პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ეს პირდაპირ შეესატყვისება ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომას. თუ ფაქტები ეწინააღმდეგება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აღქმებს, მით უარესი ფაქტებისთვის. სინამდვილეში, მით უარესი მათთვის, თუ ისინი კიდევ უფრო გაექცევიან ფაქტებს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად დაიკლებს მათი რეიტინგი. კიდევ ერთელ, მე ვისურვებდი უფრო მაღალ პოლიტიკურ კულტურას და უფრო მაღალი ხარისხის დისკუსიებს საქართველოს პარლამენტში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, უმრავლესობის თითოეულ წევრს და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც საქმიანად ჩაერთო დისკუსიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არის უამრავი გამოწვევა და მთავრობის მეთაურობა ძალიან სერიოზული გამოწვევაა, ბევრად განსხვავებული, ვიდრე საპარლამენტო თანამდებობის დაკავება.
„რა თქმა უნდა, გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, გარდა იმ პრობლემების გადაჭრისა, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულად მთავრობის საქმიანობასთან, სამინისტროების საქმიანობასთან, არის პოლიტიკური წარმატების მიღწევა. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, მთავრობაც არის პოლიტიკური გუნდის შემადგენელი ნაწილი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, აქეთკენაც იქნება მიმართული მთავრობის საქმიანობა“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.