ირაკლი კობახიძე - არის გლობალური „ომის პარტია“, საქართველოში ამის გაგრძელებაა ლოკალური „ომის პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით
ირაკლი კობახიძე - არის გლობალური „ომის პარტია“, საქართველოში ამის გაგრძელებაა ლოკალური „ომის პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით

იყო სერიოზული გამოწვევები და სირთულეები მშვიდობის, სიმშვიდის თვალსაზრისით, ეკონომიკური კუთხით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვინ რას მოგვიწოდებდა, ამის განხილვაში არ შევალ. უბრალოდ, მაგალითებს მოვიყვან, რა უნდოდა მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების არაერთ მაღალჩინოსანს და რა უნდოდა საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. ეს უბრალოდ, მაგალითები მოვიყვანე და ამის მიღმა ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო სერიოზული სირთულეები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არის გლობალური „ომის პარტია“ და ამის გაგრძელებაა საქართველოში ლოკალური „ომის პარტია“, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია.

„არის საერთო კოორდინაცია და ამ საერთო კოორდინაციის შედეგია რაღაცები, რაც საზოგადოებამ იცის. არის რაღაც გლობალური კოორდინაცია, გლობალური „ომის პარტია“, რომელსაც უნდა მეორე ფრონტი საქართველოში და ამ გლობალური „ომის პარტიის“ გაგრძელებაა საქართველოში „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, ანუ რადიკალური ოპოზიცია. ამაში შედის თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და რამდენიმე პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ა.შ. ანუ, ეს არის ლოკალური „ომის პარტია“ და ამასაც იგივე უნდა, მეორე ფრონტი, რასაც პერიოდულად ვერც მალავენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვისი მხრიდან მოდიოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი დირექტივები და როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრის განცხადება – „დასრულდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმას გავაკეთებთ“.