ირაკლი კობახიძე - არჩევნები და პარლამენტი როდესაც ლეგიტიმურია, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ შემოდის პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია
ირაკლი კობახიძე - არჩევნები და პარლამენტი როდესაც ლეგიტიმურია, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ შემოდის პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია

არჩევნები და პარლამენტი როდესაც ლეგიტიმურია, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ შემოდის ამ პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების გზავნილი დღის წესრიგიდან მოხსნა, ვინაიდან ამის არგუმენტები არ აქვთ.

„ოპოზიცია თავიდან გაყალბებაზე საუბრობდა. ახლა მთლიანად მოხსნეს ეს მესიჯი დღის წესრიგიდან და გადაერთნენ იმაზე, რომ პოლიტიკიდან წავიდნენ პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ესეც ძალიან საინტერესოა. არჩევნების გაყალბებაზე საერთოდ ვეღარ საუბრობენ, რადგან დავუმტკიცეთ, პარალელური დათვლის გაყალბება და ყველა ფორმატში გაკეთდა განცხადებები, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. აქედან გამომდინარე, გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნური. არჩევნები და პარლამენტი როდესაც ლეგიტიმურია, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ შემოდის ამ პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია.

როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნაში იწერება, რომ ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად, ამერიკის ბოლო არჩევნების შეფასება და ტერმინი „სამართლიანი“ იქაც არ არის გამოყენებული ოდირის დასკვნაში, რადგან ეს არის ოდირის პრაქტიკა სტანდარტულად, რომ არჩევნების დადებითად შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი ტერმინები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში იგულისხმება უფლება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებზე. შესაბამისად, ძირითადი უფლებების დაცვა მოიცავს ყველაფერს, მათ შორის არჩევნების სამართლიანობასაც. ანუ, ვინც იცის რა არის ადამიანის უფლებები, ყველა დამეთანხმება ამაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი