ირაკლი კობახიძე - არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, როგორც კონსტიტუციით არის დადგენილი
ირაკლი კობახიძე - არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, როგორც კონსტიტუციით არის დადგენილი

კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასეთ დროს კი, ძალიან მაღალი ალბათობით, კოალიციური მთავრობა ყალიბდება.

„კოალიციური მთავრობა შეიძლება, ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები. ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს და მანამდე ქვეყანას ტექნიკური მთავრობა ჰყავდეს, კობახიძე პასუხობს, რომ კანონით დაუშვებელია ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება.

„ასეთი რამ ორჯერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და იმისთვის, რომ არასოდეს განმეორდეს, ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ საგანგებო ცვლილება. კონსტიტუციაში წერია, რომ კანონითაც კი არის დაუშვებელი ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება“, – განაცხადა კობახიძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, მსგავსი განზრახვა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება.

„არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, როგორც ეს არის დადგენილი კონსტიტუციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.