ირაკლი კობახიძე - არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც გაგინებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არაერთგზის მოახერხა არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების აღკვეთა.
„შემიძლია, ფაქტები დაგისახელოთ, მაგალითად, ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერი, ოთხი ადამიანი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდნენ ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ მკაცრად იყო თითოეული მათგანი, ჩვენი მხარდამჭერი აქტივისტი გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ არც ერთ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, იქ არ მოხდა ასეთი ინციდენტი. ანუ შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს მხარდამჭერებს, მიუხედავად იმისა, რომ იქაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ კვალი დატყობოდა მაქსიმალურად იმ ინციდენტს, რომელიც უნდა მომხდარიყო, მათი გათვლით. საღამოს შემდეგ ნახეს ეს ადამიანები სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი. ეს არის ერთი მაგალითი.
ნიკა მელია ვიცით, რომ არის პროფესიონალი პროვოკატორი, არ გაგვიკვირდა მათგან, მომზადებულებიც იყვნენ ჩვენები და არ მოხდა ინციდენტი. თუმცა იყო განსხვავებული ვითარება ჯერ ბოლნისში. გაიხსენეთ, სად მოხდა ორივე შემთხვევაში ინციდენტი – ერთი იყო ბოლნისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან. რატომ არავინ არ მიდის საარჩევნო შტაბებთან?! გააქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვები?
და მეორე, იყო „ქართული ოცნების“ შტაბთან ასევე მარნეულში. რა ესაქმებოდათ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ან ერთ ან მეორე შტაბთან. ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, მივარდნენ საარჩევნო შტაბთან. ბოლო შემთხვევაში მარნეულში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მივიდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პროფესიონალი პროვოკატორები არიან. ყველამ იცის ეს სახელები და გვარები, რამდენიმე ინციდენტი მოაწყვეს მათ მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ხდება, რომ მაინცდამაინც მათ უკავშირდებათ ეს ინციდენტები. მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც რამდენიმე ათეული იდგა საარჩევნო შტაბის წინ. აი, ეს არის უმძიმესი პროვოკაცია, სადღაც ვახერხებთ ამას, რომ დედის გინების მიუხედავად არ ახდენენ რეაგირებას, სადღაც ვერ ხერხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გუშინაც ზუსტად იგივე მოხდა, დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს.
„ამაზე იყო რეაქცია ის, რაც იყო და რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი მოწოდება არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აჰყვეს არც ერთი ჩვენი მხარდამჭერი და არც ერთი აქტივისტი. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაშიც კი, დედას რომ შეგაგინებენ და რომ უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს აუცილებლად შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიო და ჩვენი მიდგომა. არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ. მესმის, რომ მძიმეა და რთულია, მაგრამ აქაც ყველას მართებს მოთმინება და ეს არის ჩვენი მოწოდება თითოეული მხარდამჭერის და აქტივისტის მიმართ. მით უმეტეს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, იქნება მით მეტი პროვოკაცია, დამძიმდება კიდეც ალბათ უფრო მეტად პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენი მხარდამჭერების და აქტივისტების მოთმინებაზე.
რაც შეეხება პროვოკაციებს, მოვუწოდებთ რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას, კრიმინალურ ოპოზიციას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. დღეს რაც მოხდა, ეს პროვოკაციაზე მეტი იყო. დილით უკნიდან შეგნებულად დაეჯახა მანქანა ჩვენი შტაბის წევრის ავტომობილს, ეს იყო მარნეულის შტაბის წევრი და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რამდენიმე წარმომადგენელი რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის და სახის ძვლები აქვს დამტვრეული, რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მას მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ ჩვენ ვიხილავთ ადამიანებს, გისოსებს მიღმა, ეს ასე უნდა მოხდეს და ჩვენი მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არის ზუსტად ეს, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირება პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.