ირაკლი კობახიძე - არავითარი შიდა გუნდები არ არსებობს, არის ერთი გუნდი, სადაც ყველამ უნდა დაიცვას წესები, მათ შორის ის, რომ თანაგუნდელთან დაპირისპირება გარეთ არ გამოიტანოს
ირაკლი კობახიძე - არავითარი შიდა გუნდები არ არსებობს, არის ერთი გუნდი, სადაც ყველამ უნდა დაიცვას წესები, მათ შორის ის, რომ თანაგუნდელთან დაპირისპირება გარეთ არ გამოიტანოს

არ შეიძლება, გუნდის შიგნით არსებობდეს დაპირისპირება და შიდა გუნდები და ეს არც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა ამ შემადგენლობით მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმ ფონზე, როდესაც გუნდის წევრებს შორის არსებობს ღია დაპირისპირება. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს, ასევე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება არ უნდა არსებობდეს და ამის პრევენციისთვის გუნდის წევრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

„ზოგადად, არასწორია, როდესაც სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის არის დაპირისპირება. მით უმეტეს ეს არასწორია, როდესაც გარეთ გამოდის, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ გარკვეული წესები და თუ გუნდის წევრები დაიცავენ წესებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვითარება არ გამწვავდება. ეს არის ზოგადი პოზიცია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ამას ხელი შევუწყოთ. არ შეიძლება, გუნდის შიგნით არსებობდეს დაპირისპირება და შიდა გუნდები და ეს არც იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირების ფაქტები გარეთ გამოვიდა, მაგრამ როგორც კობახიძე ამბობს, მომავალშ მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდება.

„გარეთ გამოვიდა გარკვეული დაპირისპირების შემთხვევები, ეს ფაქტია, მაგრამ მომავალში ეს აღარ იქნება.  წესები უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი დეპუტატისგან მოვითხოვთ ამ წესების დაცვას. აქ არ არსებობს არავითარი შიდა გუნდები, არსებობს ზოგადი წესი, არის ერთი გუნდი და ამ გუნდის შიგნით ზოგადი წესები ყველამ უნდა დაიცვას. მათ შორის წესია ისიც, რომ არ უნდა დავუპირისპირდეთ თანაგუნდელს და მით უმეტეს, ეს დაპირისპირება გარეთ არ უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს უშუალოდ ეკა ბესელიაზეც ჰკითხა. კერძოდ, გამორიცხავენ თუ არა, რომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ თავად გუნდიდან წასვლას არ გეგმავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებულია წესების დაცვაზე.

„ზოგადი პასუხი უნდა გაგცეთ, ყველაფერი არის დამოკიდებული წესების დაცვაზე. ეს მარტივი წესებია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში მოქმედებს, არ უნდა დაუპირისპირდე თანაგუნდელს, არ უნდა გამოიტანო ეს გარეთ, ეს არის ოქროს წესი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ თემაზე საუბარი ეკა ბესელიასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემებზე ბუნებრივია, ყველა დეპუტატთან საუბრობენ.

„ეს არ იყო ერთეული, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ნიშნები გარკვეული წესების დარღვევის, ბუნებრივია, ყველა დეპუტატთან გვაქვს ამასთან დაკავშირებით საუბარი და ეს არის საერთო სულისკვეთება. შიგნით ყველას უნდა მოვუწოდოთ წესების დაცვისკენ და თუ ეს იქნება უზრუნველყოფილი, დარწმუნებული ვარ, ზოგადი სურათი იქნება ძალიან ჯანსაღი და ძალიან სწორი. მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული“, – განაცხადა კობახიძემ.