ირაკლი კობახიძე - არასწორია სასამართლოს თემით სპეკულირება, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება
არასწორია სასამართლოს თემით სპეკულირება, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდში არაფერი ცუდი არ ხდება, მიმდინარეობს მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარმოდგენიდან რამდენიმე დღეში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე გადაიდებოდა. დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდა პროცედურა, კრიტერიუმები, და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული ახალი სია, რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“. ცუდი არაფერი ხდება, პირიქით – ყველაფერი კარგად წარიმართება. ვმუშაობთ პროცედურებსა და კრიტერიუმებზე. ეს ყველაფერი საზოგადოების თვალწინ ხდება, დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს, ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.