ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, ხშირად თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ ფესვებს თუ გავყვებით, მარტივად ამოვიკითხავთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობოები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, ხშირად თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ ფესვებს თუ გავყვებით, მარტივად ამოვიკითხავთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს

არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხება არასამთავრობოებსაც, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და პირდაპირ გამოხატავენ პოლიტიკურ პრეფერენციებს; რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე ესეც, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის არასამთავრობოები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას. მისი თქმით, მათ აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები.

„რაც შეეხება იმ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად ასეთია factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან კონკრეტულ სახელებს და გვარებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან. არის რამდენიმე ყველზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. რა თქმა უნდა, როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აქედან გამომდინარე ჩვენ მაინცდამაინც დიდი კითხვის ნიშნები არ გვაქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებამ უნდა განავითაროს საკუთარი მსჯელობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ხარჯები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამის ვალდებულება მათ დღეს კანონით არ აქვთ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მორალური ვალდებულება თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება დამატებით დასკვნებს გამოიტანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს შეკითხვა დაუსვეს, იგეგმება თუ არა არასამთავრობოების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხის დაფინანსების კანონით დარეგულირება.

„მაშინაც, აგვისტოში თვითონ გაავრცელეს „ენჯეოებმა“ დეზინფორმაცია და მერე ჩვენ გვიწევდა ამაზე პასუხის გაცემა. ესეც აჩვენებს მათი მუშაობის მეთოდებს და ეს არის სწორედ რუსული მეთოდები, რასაც ეს „ენჯეოები“ იყენებენ. ამ ეტაპზე არავითარი ასეთი საკითხი არ განიხილება. პერსპექტივაში, რამეს თუ განვიხილავთ, ამას ვეტყვით საზოგადოებას და არ დაგვჭირდება „ენჯეოების“ ინიციატივები. არავითარი საკითხი ამ კუთხით არ განიხილება დღევანდელ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.