ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციები ვერაფერს აკლებენ ხელისუფლებას, გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და შებრუნდნენ სახლებში
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციები ვერაფერს აკლებენ ხელისუფლებას, გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და შებრუნდნენ სახლებში

არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის რეგულირება მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ვიდრე „ხალხის ძალა“ არ წარმოადგენს კონკრეტულ კანონპროექტს, მანამდე გაგვიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტი თუ იქნება, მას გაეცნობიან.

„საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტი თუ იქნება, გავეცნობით. მთავარია, როგორი იქნება პროექტის შინაარსი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვერაფერს აკლებენ ხელისუფლებას, გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და შებრუნდნენ სახლებში. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული „ენჯეოების“ მიმართ. ისინი „ნაცმოძრაობა“ არიან, მათაც აქვთ უფლება პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ თავისი სახელი დაარქვან ამ ყველაფერს – როცა გამოდის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ან ISFED-ი და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, ადამიანურად თქვან, რომ პოლიტიკური პარტია არიან და არა „ენჯეო“. თუ რაიმე მეთოდს გამოვიყენებთ, ეს იქნება ევროპული ან ამერიკული მეთოდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.