ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია როცა მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამას ითხოვს დონორი, გამჭვირვალობა შეამცირებს ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით

23:53, 10.05.2024

არასამთავრობო ორგანიზაცია როცა მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამას ითხოვს დონორი ორგანიზაცია, გამჭვირვალობა შეამცირებს ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ორგანიზაციების დაფინანსება და მიზნები, რა სარგებლის მომტანი იქნება ეს.

„კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია როცა ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია. გამჭვირვალობა დააზღვევს ბევრ რამეს, მათ შორის დონორს და ასევე, შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით. ანუ, გამჭვირვალობის პირობებში დონორის თანხებს ვეღარ გამოიყენებს რევოლუციურ პროცესებში ჩასართავად. ან რა მაგალითიც ვახსენე – სტრატეგიული ეკონომიკური პროექტის დაბლოკვა. როცა ეცოდინება საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ მის უკან დგას კონკრეტული დონორი, რა თქმა უნდა, ამასაც სერიოზული დამზღვევი ეფექტი ექნება. გამჭვირვალობა სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ეცოდინება, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ეს არის რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დაბლოკვა. საზოგადოება როცა იქნება ინფორმირებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ამას ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი