ირაკლი კობახიძე - არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ როცა მოქმედებ, ამის გამოძახილია, რომ ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებში ვხედავთ საქართველოს პროგრესს, უხეშ განცხადებებში კი - ვირტუალურ სინამდვილეს
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ როცა მოქმედებ, ამის გამოძახილია, რომ ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებში ვხედავთ საქართველოს პროგრესს, უხეშ განცხადებებში კი - ვირტუალურ სინამდვილეს

საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, მაგრამ როდესაც გაქვს განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებ არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ, შენ გაურბიხარ ფაქტებს და აკეთებ შიშველ პოლიტიკურ განცხადებებს. ამის გამოძახილია ის, რომ, ერთი მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებში ვხედავთ საქართველოს პროგრესს, მაგრამ უხეშ განცხადებებში ვხედავთ სხვა, ვირტუალურ სინამდვილეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც საქმე ეხება ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებს, იქ ყოველთვის ჩანს საქართველოს პროგრესი.

„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება ევროკავშირის, ევროკომისიის, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. როდესაც ფაქტებზე დაფუძნებით რაღაცას აანალიზებენ და ვერ გაურბიან ფაქტებს, იქ ძალიან კარგად ჩანს, სად დგას საქართველო და სად სხვა კანდიდატი ქვეყნები. როდესაც საქმე ეხება ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებს, იქ ყოველთვის ჩანს ხოლმე ჩვენი პროგრესი. გასული ოთხი წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. უკრაინაზე აღარ ვლაპარაკობ, დაქცეულია უკრაინის ეკონომიკა, ნათელია ყველაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაახლოებით ორ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. იგივე ეხება კორუფციას. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანებია ევროპის მასშტაბით უკრაინა და მოლდოვა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა საერთაშორისო რეიტინგის თანახმად. ევროკავშირის 7-8 ქვეყანასაც კი ვუსწრებთ ჩვენ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. დღესავით ნათელია ყველაფერი, მაგრამ როდესაც გაქვს განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებ არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ, შენ გაურბიხარ ფაქტებს და აკეთებ შიშველ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ფაქტებთან. ზუსტად ამის გამოძახილია ის, რომ, ერთი მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებში ვხედავთ საქართველოს პროგრესს, მაგრამ უხეშ განცხადებებში ვხედავთ სხვა, ვირტუალურ სინამდვილეს“, – განაცხადა პრემიერმა.