ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ, რომ მათი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად ცხადია
არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის ფაქტების მარტივი კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა: „საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ 2008 წლის პერიოდს რუსეთში ჩასვლისთვის. ნიკოლოზ რაჭველიც იყო ნახსენები წერილში. მან პოსტი გამოაქვეყნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, რატომ აკეთებდა ამას და რატომ შეიცვალა ნარატივი 2022 წლის შემდეგ“.
როგორც კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.
„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის ფაქტების მარტივი კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.