ირაკლი კობახიძე - არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მას აქვს დავალება, სცადოს ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანა, ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება
ირაკლი კობახიძე - არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მას აქვს დავალება, სცადოს ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანა, ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდისთვის უკვე მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი.

„შესაბამისი კანონდმებლობის, რაღაც პროტოკოლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება, გარკვეულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად და სინამდვილეში, ჩვენთვის ის იქნება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ შეიძლება დაიწყოს გამოძიება სამომავლოდ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, უმჯობესია, ამ თემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სპეციალისტებმა ისაუბრონ.

„ვერ შევალ დეტალებში. თეორიულად შეიძლება, მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი და სჯობს, სისხლის სამართლის სპეციალისტებმა ისაუბრონ ამ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, მქონდეს ზოგადი დასკვნები, მაგრამ ჯობია, სისხლის სამართლის სპეციალისტებმა განმარტონ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი ნაადრევია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განსახილველ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს“.