ირაკლი კობახიძე - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, გახსოვთ ნიკა მელიას ცნობილი ფრაზა, მაგრამ ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ
ირაკლი კობახიძე - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, გახსოვთ ნიკა მელიას ცნობილი ფრაზა, მაგრამ ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ

მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის. ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას, ჩვენ პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ პოლიტიკოსებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ ჩვენ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და რომელიც არის ბრალდებული არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. რა თქმა უნდა, მძიმეა, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობისა და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის ის დანაშაულები, რომლებიც მის მიერ არის ჩადენილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ასეთი პარტიების, პოლიტიკოსების მომავალი ქართულ, დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერს საზოგადოება გასცემს სათანადო პასუხს.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ – ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. ვერც ერთმა და ვერც მეორემ. ვერ გადამიხდით, არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას, კობახიძემ განაცხადა, რომ მათ ხელის მოწერა მოუწევთ.

„ახლა კი ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ესეც რომ გავიხსენოთ. პირველი, ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება, თქვა ხატია დეკანოიძემ, როგორც ხედავთ, ბოლოს ხატია დეკანოიძემ თავი გაიმეტა და შემოვიდა. ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ – თაკო ჩარკვიანი. ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები – არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას – ლევან ბეჟაშვილი, ისიც არის დღეს პარლამენტის სტუმარი. 99,9 %, ვიმეორებ 99,9% ვერ და არ შევა – ნიკანორ მელია, როგორც ხედავთ, ხანდახან 0,1 პროცენტიც მუშაობს. ამ და სხვა ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერც ერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა, მათ შორის ქალბატონმა თაკომაც. მინდა, მივმართო „ნაციონალებს“, ყურადღებით მომისმინონ,  განსაკუთრებით „ნაციონალებმა“, როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება“, – აღნიშნა კობახიძემ.