ირაკლი კობახიძე - ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანია არის ამორალური ქმედება, ამორალური ხალხის ადგილი არ არის წესიერ პოლიტიკურ სივრცეში
ირაკლი კობახიძე - ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანია არის ამორალური ქმედება, ამორალური ხალხის ადგილი არ არის წესიერ პოლიტიკურ სივრცეში

ამორალური ხალხის ადგილი არ არის წესიერ პოლიტიკურ სივრცეში, მათ სათანადო პასუხს გასცემს საზოგადოება 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წერია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, საქართველოს არსებული ხელისუფლებისადმი ნდობის თაობაზე და წერია თუ არა ეს მიშელის დოკუმენტში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის მთლიანად ანულირებული.

„ეს შეთანხმება არის მთლიანად ანულირებული, მათ ხელი მოაწერეს ანულირებულ ხელშეკრულებას და მერე ისიც არ შეასრულეს ამნისტიის ნაწილში. არავითარი 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, ეს შეთანხმება არის ანულირებული და 2 ოქტომბერს ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს უნდა შევახსენოთ ყველას. ეს არის არასწორი ციტირება და ციტირების მიღმაც ეს შეთანხმება არის ანულირებული, ისინი დამარცხდებიან ამ არჩევნებში, წინასწარ იციან ამის თაობაზე, აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც მათ ინტერესებში შედის, არის დღეს არსებული მშვიდი გარემოს შეცვლა მღელვარებით, აღშფოთებით. ამას ემსახურება ის დეზინფორმაციის, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინდელი დღიდან. ეს არის ამორალური ქმედება, ამორალური ხალხის ადგილი არ არის წესიერ პოლიტიკურ სივრცეში, მათ სათანადო პასუხს გასცემს საზოგადოება 2 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.