ირაკლი კობახიძე - ანა ნაცვლიშვილს წაკითხული აქვს გამჭვირვალობის შესახებ კანონი და იტყუება, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი
ირაკლი კობახიძე - ანა ნაცვლიშვილს წაკითხული აქვს გამჭვირვალობის შესახებ კანონი და იტყუება, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი

გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ ვუბრუნდებით, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ანგარიში უნდა გავუწიოთ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქესაც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძეს „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კითხვით მიმართა: „თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს. ხვალ რომ პარლამენტში იმავე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ თუ აღარ დაუჭერთ მხარს და შეცვლით პოზიციას?“

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პოზიტიური თვალსაზრისით, იმ კანონზე მეტი იყო, ვიდრე მოქმედებს ამერიკაში ცნობილი „ფარას“ კანონი. ქართული ვერსია ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც მაქსიმალურად რბილი იყო. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებდა, ეს იყო ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენა – ბევრად ნაკლები ვალდებულება, ვიდრე აქვთ დაწესებული, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებს. ფაქტია, ვიღაცებისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ვიღაცებს, როგორც ჩანს, ბევრი რამ ჰქონდათ დასამალი. დღემდე ყურმოკვრით ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდება, მათ შორის საიდან ფინანსდებიან კონკრეტული ექსტრემისტული ორგანიზაციები და ასე შემდეგ. გამჭვირვალობა არის ნული.

ობიექტურად, საზოგადოების ინტერესებშია, ეს არ არის ცალკე აღებული ჩვენი ინტერესი, რომ ნებისმიერი სუბიექტის გარე დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, თუმცა ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ცნობილია. სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ გაწვეულ იქნა კანონი – ანგარიში გავუწიეთ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, აპროტესტებდნენ წაუკითხავ კანონს, განსხვავებით ანა ნაცვლიშვილისგან, მას წაკითხული აქვს და იტყუება. ანგარიში უნდა გავუწიოთ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქესაც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ეს იყო ჩვენი მიდგომა, როცა კანონი გავიწვიეთ და მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ მოქმედებას. ამის გამოხატულებაა, რომ არ ვუბრუნდებით კანონს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, მაგრამ, თავისთავად, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. არა ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება, მით უმეტეს, შესაბამისი სუბიექტები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და შემხებლობა აქვთ სახელმწიფო სუვერენიტეტთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.