ირაკლი კობახიძე - ახლა ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება
ირაკლი კობახიძე - ახლა ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება

ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმიტომ იჭრებოდა მელია პარლამენტში, ცესკო-ს შენობაში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა.

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის, რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, თავისთავად, ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.