ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე, როგორც ჩანს, ეშინოდათ ღალატის, რომელიც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე, როგორც ჩანს, ეშინოდათ ღალატის, რომელიც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს

2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. პირველ რიგში, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ერთ თვეში მიიღო ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე.

„სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში დააინიცირეს, ომამდე ერთი თვით ადრე და ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ ღალატის, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. ეს ღალატი არის მთავარი დანაშაული. მათ უამრავი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი – ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.