ირაკლი კობახიძე - ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში
ირაკლი კობახიძე - ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში

პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, ვარაუდობს, თუ არა, რომ ამ ფონზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, კობახიძე აცხადებს, „რა დროს ამ საკითხზე საუბარია“.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია. თებერვალი დადგა, ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები, თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი არჩევნებია. არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან ელოდებიან პასუხს შეთავაზებაზე.

„კონსულტაციების რეჟიმში ვართ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ოპოზიციასთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. დღეს ვერანაირ დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, გაგრძელდება კონსულტაციები. გვაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ კონკრეტულ მოდელთან მიმართებაში. ვფიქრობ, ინტერესები გადაიკვეთება ერთმანეთში და ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონსენსუსური, თუ არადა ჩატარდება არჩევნები იმ მოდელით, როგორიც არის“, – განაცხადა კობახიძემ.