ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდება, რომელიც საქართველოში შეთანხმებულ ვიზიტს განახორციელებს.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
პრემიერის თქმით, ო’ბრაიენი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
„შეხვედრის თემატიკაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება შეხვედრას, არის შეთანხმებული და დადასტურებული. სავარაუდოდ, უკავშირდება კანონპროექტის განხილვას“,- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი სანქციებზე საუბარი, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სანქციებით შანტაჟი არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე ჭრის.
„არ შეესაბამება ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს, მაგრამ, ზოგადად, სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების და ხალხის მიმართ. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მიმართ დე ფაქტო სანქცია მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როდესაც ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს. მან გააკეთა განცხადება, რომ მოთხოვნა იყო პოლიტიკაში დაბრუნება 2022 წელს, როდესაც ომი იყო ახალი დაწყებული, მოთხოვნა უკავშირდებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რაზეც უარი თქვა და გაგრძელდა ეს შანტაჟი. შანტაჟი არ არის ის, რითიც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ. შანტაჟი არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.