ირაკლი კობახიძე – ადამიანის უფლებები მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, სწორედ წინა ხელისუფლების დროს იზღუდებოდა უხეშად ამ პირთა უფლებები

14:00, 12.12.2023

ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ ლგბტ პირთა რაოდენობა წლიდან წლამდე რადიკალურად იზრდება. შესაბამისად, ჩანს, რომ პროპაგანდას თავისი შედეგი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, თუმცა ადამიანის უფლებები ძალიან მკაცრად უნდა იყოს დაცული და წინა ხელისუფლების დროს უხეშად იზღუდებოდა ამ პირთა უფლებები.

კობახიძე შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობით დარეგულირების საკითხები საპარლამენტო დღის წესრიგში არ არის.

„ასეთი საკითხები საპარლამენტო დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ფორმებით უნდა დავუპირისპირდეთ ლგბტ პროპაგანდას. საზოგადოებას კონკრეტული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან მიმართებით. მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამ პროპაგანდის წინააღმდეგია. ჩვენთვის მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს სურათი იყოს შენარჩუნებული. ვიცით, როგორია სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. ტარდება სოციოლოგიური კვლევები ამერიკაში, საფრანგეთში, შვედეთში და ა.შ. ევროპის ქვეყნებში ჩატარდა კვლევები, რაც მიუთითებს, რომ ლგბტ პირთა რაოდენობა წლიდან წლამდე რადიკალურად იზრდება. შესაბამისად, ჩანს, რომ ამ პროპაგანდას თავისი შედეგი აქვს.

ადამიანის უფლებები ძალიან მკაცრად უნდა იყოს დაცული. ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ, მათ შორის, ამ მიმართულებით ადამიანის უფლებები არის ბევრად მყარად დაცული. გახსოვთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა. რამდენი პირადი ცხოვრების ჩანაწერი აღმოაჩინეს კასრებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. აქედან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ლგბტ პირებს ეხებოდათ. სწორედ წინა ხელისუფლების დროს იზღუდებოდა ძალიან უხეშად ამ პირთა უფლებები. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები აუცილებლად მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა მიუღებელია. პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ არა კანონით, არამედ უნდა დავუპირისპირდეთ საზოგადოებასთან ერთად. იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ამ თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი