ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას - უმჯობესია, მომავალში სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ
ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას - უმჯობესია, მომავალში სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პატრიორტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ადა მარშანიას დღევანდელ პლენარულ სესიაზე გამოსვლას პათეტიკურს უწოდებს.

ასევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სესიაზე აღნიშნა, უმჯობესია, მარშანიამ მომავალში სახელმწიფოებრივად სწორი განცხადებები გააკეთოს.

„განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადა მარშანიას პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთი განცხადებები, როგორიც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მომავალში უმჯობესია, სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ ხოლმე“, – მიმართა მარშანიას კობახიძემ.

დეპუტატი ადა მარშანია დღევანდელ პლენარულ სესიაზე ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“. ადა მარშანიამ პარლამენტის სპიკერს მიმართა – „ბატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ? “. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს.