ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე ინიციატივა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში არ განიხილება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე ინიციატივა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში არ განიხილება

იმ პროცესის ფარგლებში, რაც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, განიხილება მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ის რეგულაციები, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის შეთანხმებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიციატივა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას ეხება, ეს არის ცალკე ინიცირებული და არ განიხილება პაკეტში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას.

„საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილება მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ის რეგულაციები, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის შეთანხმებიდან, ამ ნაწილში ჩვენ გვექნება შემდგომი კონსულტაციები. დღეს გაიმართება დამატებითი კონსულტაციები, გაგრძელდება კონსულტაციები საკომიტეტო და პლენარული განხილვის ფარგლებში, იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ფუნდამენტურად ცვლილებებს, რომლებიც არის დაკავშირებული საარჩევნო კოდექსთან, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა სამივე დონეზე კომისიებში, რვა ოპოზიციური პარტიას ეყოლება რვა წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში. ამას გარდა, მინიმუმ 10% საარჩევნო უბნების გადაითვლება ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითობის პრინციპით, შემოღებული იქნება 100-მეტრიანი რადიუსი, იცვლება საარჩევნო სისტემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კერძოდ, იცვლება პროპორციები პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის და ა.შ. ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება. ბუნებრივია, ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს საერთო კონსენსუსით. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, ის გამომდინარეობს ჩვენი კონსტიტუციის პრინციპებიდან, რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ ცენზებს, არ შეიძლება იყოს ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ეს იყო ასევე არასამთავრობოების რეკომენდაცია, ეს წინადადება, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, ინიცირებულია რამდენიმე თვეა, სწორედ ამ რეკომენდაციებიდან და კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.