ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

„უმრავლესობაში გუშინ გვქონდა კონსულტაციები, გარკვეული პოზიციები ჩამოყალიბდა. ამის საფუძველზე, სავარაუდოდ, დღეს იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან და კვირის ბოლომდე რაღაც უნდა გაირკვეს. კვირის ბოლომდე უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა. რა თქმა უნდა, დეტალებს ჯერ გარეთ ვერ გამოვიტანთ, რადგან უნდა დაველოდოთ შიდა კონსულტაციებს, რომელიც ოპოზიციასთან გაიმართება. შემდეგ უკვე საზოგადოებისთვისაც გარკვეული დეტალები გახდება ცნობილი. ჯერჯერობით დეტალებს ვერ ვიტყვით. ეს დეტალები ოპოზიციისთვის დღეს გახდება ცნობილი. ულტიმატუმები ართულებს კონსულტაციებს, როდესაც ამბობენ, რომ მხოლოდ სამი ფავორიტი ჰყავთ, მაგალითად. ეს არ არის სწორი მიდგომა“, – აღნიშნა კობახიძემ.

სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას გამართავს, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ.