ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი კონსტიტუციის პრინციპების დაცვით მომზადდება

12:36, 01.03.2024

კანონპროექტი უნდა მომზადდეს კონსტიტუციის პრინციპების დაცვით. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. მძიმე ტენდენციებია სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. აბსოლუტურად გასაგებია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა საქართველოში ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან. დანარჩენი ვნახოთ. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. შესაძლოა, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება საჭირო. როგორ, რა ფორმით არ ვიცი, მაგრამ კანონპროექტი როცა მომზადდება, მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი