ირაკლი კობახიძე - აბსურდია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით უკანონო მიყურადებაზე და ა.შ. საუბარი, რადიკალური ოპოზიცია ასე ცდილობს, რაღაცნაირად გამოძვრეს უხერხული ვითარებიდან
აბსურდია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით უკანონო მიყურადებაზე და ა.შ. საუბარი, რადიკალური ოპოზიცია ასე ცდილობს, რაღაცნაირად გამოძვრეს უხერხული ვითარებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლა და ამას უკავშირდება თუ არა მონაცემების ცვლილება.
„პირველ რიგში, ვისაუბროთ არითმეტიკაზე და მათემატიკაზე, როგორ დავადგინეთ ჩვენ. რეალურად, იქ იყო საუბარი უკანონო მიყურადებაზე და ა.შ, რაც ყველას ესმის, რომ აბსურდია. ასე ცდილობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაღაცნაირად გამოძვრნენ უხერხული ვითარებიდან. ისინი აფუძნებდნენ საკუთარ მტკიცებულებას გაყალბებასთან დაკავშირებით PVT-ზე და მთლიანად ჩამოენგრათ ეს მთავარი საყრდენი. შესაბამისად, მათი ეს მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია და ეს მორიგი სიცრუე, მისი ტირაჟირებაც არის აბსოლუტურად ახსნადი.
რაც შეეხება არითმეტიკას, ჩვენ გავაკეთეთ მარტივი, არა მათემატიკური, არამედ არითმეტიკული ანალიზი. ანუ უმარტივესი ანალიზი, რაც აჩვენებს რას, რომ აქ არის წარმოდგენილი ცესკო-ს მონაცემები პირველ სვეტში, მეორე სვეტში არის წარმოდგენილი PVT-ის მონაცემები. PVT აჩვენებს იმას, რომ თითქოს ცესკო-მ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ პროპორციულად ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გადალახა ბარიერი. ამას არ სჭირდებოდა რაიმე განსაკუთრებული ჩაღრმავება. უკვე ციფრებიდან და არითმეტიკიდან არის ნათელი ის, რომ PVT-ში იყო დაშვებული ძალიან უხეში ხარვეზი, რისი გადამოწმებაც ჩვენ ვითხოვეთ და უცხოელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით მისცეს ძალიან მყისიერი რეაქცია, რისთვისაც მათ უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ მადლობა.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რაც არის დადასტურებული, უკვე ამ PVT-ის მონაცემების გადამოწმებით და ხარვეზის აღმოჩენით, სულ მცირე, თამარ ჟვანიას, ცესკო-ს და საარჩევნო ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება ე.წ კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას, ამასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია შევთავაზოთ მათ დებატები და ყველა მათ ბრალდებას გაეცემა ზუსტად ისეთივე მკაფიო და მძიმე პასუხი, როგორც გავეცით მძიმე პასუხი PVT-სთან დაკავშირებულ მათ სპეკულაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური გადათვლის შესახებ განაცხადა, რომ „ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“.