ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, ველით, რომ რუსეთი უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსულ მხარესთან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.
„ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ“.