ირაკლი კობახიძე - 99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას წესით არ ველოდებით, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით
ირაკლი კობახიძე - 99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას წესით არ ველოდებით, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით

რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მგონია, ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

„99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას წესით არ ველოდებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით საქართველო არის წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მგონია, ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

დატოვე კომენტარი