ირაკლი კობახიძე - 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე აქციის მოწყობა, მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე აქციის მოწყობა, მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს

26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს.

„პირდაპირი გაგებით, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისთვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ. ეს არის მათი სახე და ახლა ამ ადამიანებმა გაბედეს, რომ ამ ადგილას იმავე დღეს ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია. საზოგადოებისგან მათ უკვე მიიღეს პასუხი და პასუხი იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობა გამოვიდა. ესენი არიან უმეტესად შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. მათი მცირე ნაწილი არის უცხოური აგენტურა. ასეც და ისეც, მთავარია, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დგას სწორ მხარეს, მხარს უჭერს მშვიდობისა და განვითარების კურსს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 26 მაისს საპროტესტო აქციის მოწყობა აჩვენებს ოპოზიციის სახეს, რის გამოც მათ საზოგადოებისგან ნულოვანი ნდობა აქვთ.
„ეს იყო უბრალოდ თავხედობის გამოხატულება. როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი, როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება. ეს აჩვენებს მათ სახეს და ამის გამოა, რომ საზოგადოება მათ უცხადებს ნულოვან ნდობას“, –  განაცხადა პრემიერმა.