ირაკლი კობახიძე - 21 ივნისს ჩვენ უკვე შეგვიძლია, პირველი მოსმენით მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი
21 ივნისს ჩვენ უკვე შეგვიძლია, პირველი მოსმენით მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არის თითოეული შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ამ ვალდებულების შესაბამისად ვიმოქმედებთ და სხვებსაც აქეთკენ მოვუწოდებთ. ეს მათი პასუხისმგებლობაა და თუ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებენ, ამ შემთხვევაში, ეს მათთვის უკეთესი იქნება. ჩვენ არაფერს არც ვიგებთ და არც ვკარგავთ იმით, ისინი რას მისცემენ ხმას და რას არ მისცემენ. მთავარია, სრულად ვიყოთ მობილიზებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროცედურებს რაც შეეხება, მისი თქმით, სავარაუდოდ მომავალ კვირაში უკვე შედგება ორი შეხვედრა საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში.
„ეს იქნება სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ერთთვიანი ვადის ამოწურვას, რაც 19 ივნისს იწურება და 21 ივნისს, კვირა დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, პირველი მოსმენით მივიღოთ კანონპროექტი. ეს ნიშნავს იმას, რომ 29 ივნისს არის შესაძლებელი სამი მოსმენით ამ კონსტიტუციური კანონის მიღება. ჩვენ სავარაუდოდ ზუსტად ამ ვადებში ვიმოქმედებთ. საარჩევნო კოდექსი მომდევნო კვირაში საბოლოოდ იქნება მიღებული.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერს, იმიჯურად მხოლოდ ოპოზიცია დაზიანდება.
„საბოლოო ჯამში, საერთაშორისო დონეზეც და ქვეყნის შიგნითაც მხოლოდ ოპოზიცია დაზიანდება, რადგან ამით ისინი ძალაში დატოვებენ მათ საყვარელ საარჩევნო სისტემას, რომელიც ქვეყანა 2012 წლის შემდეგ მემკვიდრეობით დაუტოვეს. ისინი მთელი რუდუნებით ინახავდნენ ამ საარჩევნო სისტემას 77/73. მას ვერ ელოდნენ და როგორც ჩანს, ახლაც ვერ ელევიან, როცა ოპოზიციაში არიან. თუ მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში დაზიანდება იმიჯის კუთხითაც და მათ შორის, მანდატების რაოდენობის კუთხითაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.