ირაკლი კობახიძე – 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე, განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი
2022 წლის შემდეგ ჩვენ იძულების წინაშე დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, ჩვენ მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე – თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ხელისუფლება იძულების წინაშე დადგა და მოუწია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.
„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ისტორიის გარკვეულ ეტაპზე სუვერენიტეტის ასე დაცვა, როგორც დღეს მოვახერხეთ, იყო ბევრად უფრო რთული და არამარტო 15 წლის წინ, არამედ იგივე შეიძლება ითქვას, თუნდაც 6-7 წლის წინანდელ პერიოდზეც, რომელიც უფრო ახლო პერიოდია დღევანდელი გადმოსახედიდან და ვერც ვახერხებდით ამას. ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებიც კი დანიშნულან სწორედ გარე ჩარევით იმისათვის, რომ უფრო მეტი სიკეთე არ დაგვეყენებინა ჩვენ ეჭვქვეშ. თუმცა ასე მოხდა, რომ 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ჩვენ იძულების წინაშეც დავდექით. ანუ რაც მოხდა ეს ერთგვარი იძულების შედეგიც იყო, ჩვენ მოგვიწია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. იგივე რომ ავიღოთ – საუბარი გარე ძალებზე. ძალიან რთული იყო 2022 წლამდე რაიმე აუგის თქმა კონკრეტულ ძალებთან დაკავშირებით და არამარტო გარე ძალებზეა საუბარი. „ენჯეო“ რომ ავიღოთ, რომელიც არის აბსოლუტურად პარადოქსული ფენომენი დემოკრატიულ სისტემაში, ხელოვნურად მოგონილი ფენომენი, განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ინტერვენციისთვის, „ენჯეოსთან“ დაკავშირებით აუგს ვერ იტყოდი. ერთხელ მახსოვს, კონკრეტული კომენტარი გავაკეთე მე „ენჯეოებთან“ დაკავშირებით, როდესაც მათ ნამდვილად ფაშისტურ განცხადებას დაუჭირეს მხარი, გვარამიას ცნობილი განცხადება იყო და ამას მოჰყვა იმხელა ისტერიული რეაქცია გარედან, თუ შიგნიდან, რომ არც ვიცი, როგორ აღვწერო ეს ყველაფერი. 2022 წლის შემდეგ ჩვენ იძულების წინაშეც დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, ჩვენ მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე – თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი,“- აღნიშნა პრემიერმა.