ირაკლი კობახიძე – 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს, რომ 280 000 ადამიანი კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან

23:45, 28.11.2026

სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლება, სამჯერ არის შემცირებული საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, ახლა, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%.

„სიღარიბის შემცირებაზე როდესაც ვსაუბრობთ და როცა ვამბობთ იმას, რომ შემცირდა 7,1%-მდე, ეს ნიშნავს იმასაც, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ყველაფერი ფაქტებით დასტურდება.  ერთი, რომ სტატისტიკაა და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ადამიანები იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიონი ადამიანი იხდის ამ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში ეკონომიკა არის 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაზრდილი.

„ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამით არის საქართველო პირველ ადგილზე ევროპაში, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

„თუ ავიღებთ ჩვენ ინფლაციას და საშუალო ხელფასის ზრდას, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი სხვაობა პლუსით საშუალო ხელფასის ზრდასა და ინფლაციას შორის. ყველაზე მარტივი ინდიკატორია საშემოსავლო გადასახადი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენს იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს ადამიანები 2020 წელს და რამდენზეა დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადი 2027 წელს. საშემოსავლო გადასახადს მარტო მე და მინისტრები არ ვიხდით. საშემოსავლო გადასახადს იხდის მილიონი ადამიანი და თუ ფული არა აქვთ ადამიანებს, საიდან იხდიან საშემოსავლო გადასახადს“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი