ირაკლი კობახიძე - 2012 წელს სოციალური ბიუჯეტი ორ მლრდ ლარზე ნაკლები იყო, დღეს რვა მლრდ-ს აღწევს, პროგრამების შედეგად, 72-დან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა
ირაკლი კობახიძე - 2012 წელს სოციალური ბიუჯეტი ორ მლრდ ლარზე ნაკლები იყო, დღეს რვა მლრდ-ს აღწევს, პროგრამების შედეგად, 72-დან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა

ჩვენი პროგრამების შედეგად, 72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში და ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი.

„ჩვენი პროგრამების შედეგად, 72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში და ეს აისახა სხვა კონკრეტულ მაჩვენებლებზეც. მაგალითად, ვსაუბრობდით, რომ წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების შედეგი, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი, ამიტომ ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მომავალშიც სერიოზული ზრუნვა უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით. რამდენჯერმეა გაზრდილი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში, ფინანსური კუთხით. ზრუნვა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში მთელი სოციალური ბიუჯეტი იყო ორ მლრდ ლარზე ნაკლები და, დაახლოებით, რვა მლრდ-ს აღწევს წელს. ანუ, სოციალური ბიუჯეტის კუთხით, დაახლოებით, ოთხმაგი ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებას, აქ ბიუჯეტი იყო 1.7 მლრდ და ექვს მლრდ ლარამდეა გაზრდილი. რა თქმა უნდა, ზრდა გაგრძელდება. რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, დაფინანსება იყო 276 მლნ ლარი და უკვე გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, აქაც მომავალშიც გაგრძელდება ზრდა. გაზრდილია შშმ პირთა სოციალური პაკეტი და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა პაკეტის გაფართოებაზე. 2012 წლის შემდეგ, გასული წლების განმავლობაში 35 000 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ახალი საცხოვრებლით. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ დამატებით 6 000 დევნილი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ახალი, ღირსეული საცხოვრისით“, – განაცხადა პრემიერმა.