ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პოზიციას არ შევიცვლით, უფრო მეტიც, აღარასდროს მოვაწერთ ხელს მსგავსი ტიპის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას
ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პოზიციას არ შევიცვლით, უფრო მეტიც, აღარასდროს მოვაწერთ ხელს მსგავსი ტიპის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას

19 აპრილის შეთანხმების ანულირებას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„შეთანხმება არის ანულირებული და ამას ჰქონდა ძალიან მყარი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ პოლარიზებულ ქართულ სამყაროში არის ორი სხვადასხვა პოლუსი: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პირობებში, როდესაც ხელს აწერს ერთი მხარე და არ აწერს მეორე მხარე, ბუნებრივია, საუბარი ზედმეტია ამ დოკუმენტის მიზნის მიღწევაზე. აქედან გამომდინარე, ანულირებას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. ეს მოცემულობა ყველასთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მომავალ პერსპექტივებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია არის ურყევი.

„ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ შეთანხმება არის ანულირებული და ანულირება ნიშნავს ანულირებას. აქედან გამომდინარე, პოზიციას არ შევიცვლით, ვერ შევიცვლით და უფრო მეტიც, მსგავსი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერეთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს, თუნდაც დროებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ყველას ავუხსნით ყველაფერს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.