ირაკლი კობახიძე - 11 წლის განმავლობაში ვახერხებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, ასევე მშვიდობის შენარჩუნებასა და არაღიარების პოლიტიკის სწორად წარმოებას
ირაკლი კობახიძე - 11 წლის განმავლობაში ვახერხებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, ასევე მშვიდობის შენარჩუნებასა და არაღიარების პოლიტიკის სწორად წარმოებას

11 წლის განმავლობაში ვახერხებთ მაქსიმალურად ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას, ასევე, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, არაღიარების პოლიტიკის სწორად წარმოებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„საერთაშორისო გამოხმაურება არის მნიშვნელოვანი, მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს ასეთ თემებთან დაკავშირებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სადაც არის საჭირო სხვადასხვა ტიპის განცხადებები, რეზოლუციები, დოკუმენტები და ა.შ. ყველგან კონკრეტული საქმეების სპეციფიკის მიხედვით იდგმება შესაბამისი ნაბიჯები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ 11 წლის განმავლობაში ვახერხებთ მაქსიმალურად ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ასევე, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, არაღიარების პოლიტიკის სწორად წარმოებას. ვახერხებთ იმას, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან. ყოველ ჯერზე ჰქონდა, გახსოვთ, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა. ჩვენ ვახერხებთ ასეთი პრაგმატული, სწორი, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შენარჩუნებას და გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ხოლმე იმ ნაბიჯებს, რაც არის აუცილებელი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.