ირაკლი კირცხალია - რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო „ბიბისის“ დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ, ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე
„ბიბისიმ“ ახალი სიგიჟე გამოაგდო, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს ეყრდნობიან. ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიამ კომენტარი გააკეთა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
„რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო „ბიბისის“ დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ. ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო. იცით, ვის და რას „ეყრდნობიან“? – ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ასე შემდეგ. ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. ამითაც მარტივი მისახვედრია, რა უქნეს და სად მიიყვანეს ეს ხალხი. ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა. ამავდროულად, კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს, ამბსურდულობას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.