ირაკლი კირცხალია – პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ, ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე
გახარიას პარტია კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს, სამწუხაროდ, მათ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს და მანდატები მოიპოვეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრები იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წესრიგის არაღიარების პოლიტიკა.
„შემდეგ ვნახეთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხალხის ნებას როგორ მოექცა და მათი უფლებამოსილება ვაღიარეთ. ამით კიდევ ერთხელ პატივი იმ ამომრჩეველს ვეცით, რომელთაც მათ ხმა მისცეს. ეს ლუსტრაცია იყო, თუ რას გააკეთებდნენ პარლამენტში. ვხედავთ, პარლამენტში რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, რა დღის წესრიგს მიჰყვებიან. იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წესრიგის არაღიარების პოლიტიკა. ამას თითოეული აგენტი მიჰყვება, ესენი კი, ამ შენობიდან. პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე“, – განაცხადა კირცხალიამ.