ირაკლი კირცხალია – „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრმა ევროსაბჭოს რეზოლუცია უნდა ამობეჭდოს და სააკაშვილის ვარდიანი სურათის გვერდით ჩამოკიდოს, რომ გაიხსენონ, როგორ გაყიდეს ქვეყანა და მოაწერეს ხელი რეზოლუციას
წლების განმავლობაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უსამშობლოთა გაერთიანება არასწორ და აგენტურულ პოლიტიკას ატარებდა, პრემიერ-მინისტრის წერილი ნათლად წარმოაჩენს, თუ რას ნიშნავს, როგორ მოქმედებდა და მოქმედებს აგენტურა საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავის შედეგად ქართველი სამხედროები სრულიად გამართლდნენ.
„ყველას კარგად გვახსოვს მათი ბრიფინგები, თარიღები, მათ მიერ მხარდაჭერილი მოღალატეობრივი რეზოლუცია და ქართველი ჯარისკაცების ომში დადანაშაულება. „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავის შედეგად ჩვენი ბიჭები სრულიად გამართლდნენ. მიწაზე ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი, სააკაშვილი და მისი დამქაშები საზღვარ-საზღვარ, ეთერ-ეთერ დარბოდნენ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა, ტურიზმი, რუსული ინვესტიციები. თურმე რუსულ ფულს სუნი არ უდის და ამიტომ საქართველოში რუსული ინვესტიციები უნდა შემოსულიყო. წინა ხელისუფლებამ ენერგომატარებლები სწორედ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა. მათ მიერ გასხვისებული ობიექტების და სხვა ბევრი ხელშეკრულების კლანჭებს დღესაც ვიმკით. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ დოკუმენტაციით არიან. მათი რიტორიკა ვნახეთ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. როგორც კი დავალება მიუვიდათ, თურმე თუ ომი უკრაინაში მიმდინარეობს, როგორ ვართ მშვიდობით და როგორი ცუდია რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს იმ სცენარის ნაწილი იყო, რომელიც რეგიონში აგენტურას ჩაეშალა. ამ სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ, მაგრამ საზოგადოებამ აგენტურას სწორი განაჩენი გამოუტანა. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ბედავენ და ცდილობენ, რომ საზოგადოებას დემოკრატიაზე მორალი წაუკითხონ. როცა აგვისტოს ომის თარიღი ახლოვდება, კიდევ უფრო შესამჩნევია ის შეურაცხყოფა, რასაც მათი მხრიდან ვისმენთ. თარიღით აპელირება და ბრძანებულება არ დაგვავიწყდეს, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა. ჩვენი გუნდი მათ ყოველთვის შეახსენებს, თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან, როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურებიან“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა იმ სისხლისღვრაში, რომელიც აგენტურამ მოაწყო.
„დარწმუნებული ვარ, ეს აგენტურა ყველა მხარესთან სხვადასხვა მოლაპარაკებას აწარმოებდა, როცა თავის სამშობლოს ყიდდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედეთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავასწორეთ და ღირსება დავუბრუნეთ ჩვენს ჯარისკაცებს. რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ოკუპანტია. ეს ყველამ იცის, პატარა ბავშვმაც და დიდმაც. თუ რუსეთთან საუბარს დავიწყებთ, ეს მხოლოდ ერთი პირობით იქნება – დეოკუპაციაზე. ამის შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად. ეს კარგად იცით თქვენც და ვინც კითხვა გამოგიგზავნათ, მათაც. „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრმა ევროსაბჭოში მხარდაჭერილი რეზოლუცია უნდა ამობეჭდოს და მიხეილ სააკაშვილის ვარდიანი სურათის გვერდით ჩამოკიდოს, რომ ღალატი გაიხსენოს, ჯერ როგორ გაყიდეს ქვეყანა და შემდეგ როგორ მოაწერეს ხელი რეზოლუციას. წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, რომ გადამალული საბრძოლო მასალა გვეპოვა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს გადამალეს. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ ღალატი აღმოიფხვრა, ამის შემდეგ პარლამენტში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიწყო მუშაობა. გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და ამ დროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობთ. სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომ „ნაცმოძრაობის“ ღალატს წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. რუსეთზე თუ არ ვსაუბრობდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღებოდა? – სირცხვილია. „ნაცმოძრაობა“ ყოველდღე თავის ქვეყანას ყიდის. ღალატი ჩამოვრეცხეთ და მოღალატეზე როგორ არ ვისაუბრო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა? ჯერ თავის ქვეყანაში სისხლი დაღვარეს, შემდეგ ეს ყველაფერი გააფორმეს რეზოლუციებში და ამის შემდეგ მეკითხებით, „ნაცმოძრაობაზე“ როგორ საუბრობო? რუსეთზე თუ არ ვსაუბრობდი, აბა, ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში? – სირცხვილია. ყოველ წელს, აგვისტოში ქვეყანას კიდევ ერთხელ ღალატობთ და გარდაცვლილ ბიჭებს შეურაცხყოფას აყენებთ, რომელთა საფლავებზე ბუჩქებ-ბუჩქებ დადიხართ ხან დილის 6:00 საათზე და ხან ღამის 22:00 საათზე, რომ იქ ხალხმა არ დაგინახოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.