ირაკლი კირცხალია – კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები იმ მოდელით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ასეთი დამთხვევების არ მჯერა
ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.
კირცხალიას თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას.
„მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა.
ამ პერიოდში, იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ. საკუთარ წერილში პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს: არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ. ისიც ნათელია, ამ ხალხს რატომ დაავალეს რუსეთის წინააღმდეგ არა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, არამედ ახლა გააქტიურება. გლობალური ომის პარტიას რუსეთთან დაპირისპირებაში ევროპის ჩასართავად დღეს მიმდინარე ომის მასშტაბი სჭირდებოდა, რაც, თვის მხრივ, აღნიშნული იდეის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის კონკრეტულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ანტირუსული განწყობების გაღვივების აუცილებლობას აჩენდა. იმის გასაანალიზებლად, „დიფ სთეითის“ აღნიშნულ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა.
პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად ახსნა ის მოდელი, რომლის მიხედვითაც, გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ, თუმცა ზემოთ აღნიშნულ მოდელში არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ, პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება.
ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ყველამ იცის, რომ „სუხიშვილებმა“ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან ხუთი წელიწადიც არ იყო გასული, სანკტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს.
აგვისტოს ომის შემდეგ შოსტაკოვიჩის სახელობის სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს, მისთვის მიზეზი თავმოყვარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუკი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს.
გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ, ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც, იმის გარდა, რომ „რუსი ბანის“ სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა.
ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ე.წ. კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, პარალელურად კი „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ.
ამავდროულად, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ – 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები რომ საზოგადოების კოლექტიურ აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით, ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე, თუ გსურთ, ვიმსჯელოთ. პირადად მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა“, – წერს ირაკლი კირცხალია.