ირაკლი კირცხალია - ძალაშია ბოროტი ინტერესი, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, უბრალოდ, ხან ერთი ქვეყანა იღებს საკუთარ თავზე ჩვენ წინააღმდეგ მორიგ განცხადებას, ხან - მეორე
ფაქტია, ბოროტი ინტერესი, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, ძალაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა ფონდს, მთავარია, თანხა მოდის იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელიც აქ ე.წ. ენჯეოებისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს.
„მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია USAID-იც და მისი საქმიანობაც. არაერთხელ გვითქვამს, და არამხოლოდ ჩვენ, ბევრ პოლიტიკოსს, თუნდაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუები გავიხსენოთ, სადაც ღიად და მკაფიოდ საუბრობს „დიფ სთეითის“ გავლენებზე მის ქვეყანაში. კარგად ვნახეთ, ტრამპის მიერ მოსვლის დღიდან გამოცხადებული ომის შემდეგ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე ევროპის კონტინენტზე, თუნდაც ბრიტანეთში. რებრენდინგიც არ დასჭირდა ამ ბოროტ მანქანას, მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ გაორმაგებული ძალებით გააგრძელეს საქმიანობა, რასაც აქამდეც ძალიან წარჩინებით ეწეოდნენ.
რაც შეეხება ჩვენთან მიმართებით ამ დიდი მანქანის ბიროტმოქმედებებს, არ აქვს მნიშვნელობა, USAID-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა სახელი იქნება, მთავარია, თანხა მოდის იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელიც აქ მოქმედებს ე.წ. ენჯეოებისა და ვითომ პარტიების სახით, მხედველობაში მაქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ფაქტია, რომ ბოროტი ინტერესი, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, ასევე პროქსი ომის საწარმოებლად, ძალაშია, აქტუალურია და აქტუალური იქნება, ვიდრე დამანგრეველი ომი არ დამთავრდება ევროპის კონტინენტზე, კონკრეტულად, რუსეთ-უკრაინის ომი. ასე რომ, მძვინვარებს იგივე რიტორიკა, დავალებები, ინტერესები სხვადასხვა სახელის ფონდებისგან, მაგრამ იმავე სახეებით ჩვენთან და იმავე გარე პატრონებისგან. უბრალოდ, ხან ერთი ქვეყანა იღებს თავის თავზე ჩვენ წინააღმდეგ მორიგ განცხადებას, ხან – მეორე ქვეყანა, ხან ერთი პოლიტიკოსი, ხან – მეორე. სწორედ ასეა ფონდებშიც, ხან ერთი ფონდი დააფინანსებს და ხან მეორე. რა ჰქვია ფონდს, USAID-ი, „ნედი“ თუ „იიდი“, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კირცხალიამ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.