ირაკლი კირცხალია – ჩვენი მიზანი და საზოგადოების დაკვეთაა, პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და მათი ადგილი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა

19:17, 03.10.2026

ორი დღის წინ იყო პირველი ოქტომბერი, დიდი გამარჯვების დღე. ამ დღეებში ისმოდა კითხვა, რა არის ის, რაც ბოლომდეა მისაყვანი, მინდა, მთელი გუნდის სახელით გითხრათ, ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი გაიწმინდოს აგენტურისგან, რათა ე.წ. ოპოზიციის ადგილი დაიკავონ ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან.

„ქართული პოლიტიკური ველი უნდა გათავისუფლდეს და გაიწმინდოს აგენტურისგან. აგენტურის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი რთულია, რადგან აგენტურა არ უნდა არსებობდეს. რა პოლიტიკური გზაც განვლეს და რა სურვილებიც ჰქონდათ, ყველაზე მწვავედ 2022 წლიდან გავიგეთ. ასე რომ, როდესაც ამ პარტიების პოლიტიკურ მომავალზე ვსაუბრობთ, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს და გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანი და საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა ეს ადგილი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის დროს და შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნისას“,- განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი