ირაკლი კირცხალია - ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, მზად ვართ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა რეგიონში ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს
ყველა დონეზე მზად ვართ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები არა მხოლოდ გადაიტვირთოს, არამედ ახალი ფურცლიდან თვისობრივად ახალი ურთიერთობები დაიწყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ელჩის დანიშვნა ახალი ნაბიჯია ქვეყნებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების.
„ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადაგვიდგამს და გადავდგამთ. ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, ნახეთ, მისი მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება, თუ რა მოთხოვნა აქვს ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული პარტნიორის განმარტებიდან უნდა გამოვიდეთ. როცა სტრატეგიული პარტნიორი ხარ, სულ მცირე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უნდა იყოს, უვიზო მიმოსვლა, ფრენები უნდა იყოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და თან ინსტიტუციურად, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა რეგიონში ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს“, – განაცხადა კირცხალიამ.