ირაკლი კირცხალია - ალბათ მსოფლიოში ვერ მოვძებნით პრეცედენტს, როდესაც გარედან შემოტევების დროს, საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მტკიცედ გასცა პასუხი აგენტურას და ბინძურ ძალებს
ირაკლი კირცხალია - ალბათ მსოფლიოში ვერ მოვძებნით პრეცედენტს, როდესაც გარედან შემოტევების დროს, საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მტკიცედ გასცა პასუხი აგენტურას და ბინძურ ძალებს

ალბათ მსოფლიოში ვერ მოვძებნით პრეცედენტს ან ძალიან გაგვიჭირდება, როდესაც გარედან შემოტევების დროს, ერთი წლის თავზე საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მტკიცედ გასცა პასუხი აგენტურას და ბინძურ ძალებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზავნილი, რის სადარაჯოზე დგას ქართული საზოგადოება.

„ის ხედვა, გეგმა, მტკიცედ, მყარად სიარული არ გამოგვივიდოდა საზოგადოების დიდი ნაწილის, აბსოლუტური უმრავლესობის გარეშე, რომელიც ზურგს გვიმაგრებს და რომელსაც ზურგს ვუმაგრებთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკით. ალბათ მსოფლიოში ვერ მოვძებნით პრეცედენტს ან ძალიან გაგვიჭირდება, სადაც გარედან შემოტევების დროს, ერთი წლის თავზე საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მტკიცედ გასცა პასუხი აგენტურას და ბინძურ ძალებს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მესიჯი ყველა ჩვენი კეთილის მოსურნის მიმართ, რომელთაც ნახეს ჩვენი ქვეყანა, ინვესტიციებს დებენ და ბევრი ჩვენი არაკეთილმოსურნის მიმართ, თუ სად დგას ჩვენი საზოგადოება, რის სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, ირაკლი კირცხალიამ 2025 წლის განმავლობაში საკანონმდებლო კუთხით მმართველი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შემდეგ უმნიშვნელოვანესი დასკვნა. ესეც ძალიან სერიოზული, ძლიერი პოლიტიკური განაცხადი იყო. ასევე ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. მხედველობაში მაქვს საპარლამენტო არჩევნები. შეიკრა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მომზადდა ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელი. ეს განიხილება და, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ისევე ვიხილავთ პირდაპირ ეთერში, როგორც საგამოძიებო კომისია შემაჯამებელი ნაწილით. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა განათლების რეფორმა, რომელზეც სერიოზული მუშაობა დაიწყო და გაგრძელდება. მართლაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო, ყველაზე ეროვნული გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. მისალოცია მთელი ქვეყნისთვის, რადგან ახალ წელს ხვდება ასეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმით. ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში მიღებული თითოეული კანონი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ინსტიტუტების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის მყარად, ძლიერად წინსვლას.

მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო, პირველ რიგში, მშვიდობა, მშვიდობა მათ გულებში, მათ ოჯახებში, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს. მსოფლიოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის. მინდა, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას ვუსურვო, რომ მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სიმართლის წელი. ვპირდებით საზოგადოებას, რომ მათთან ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურში ყოფნას იმ იარაღით ხელში, რასაც სიმართლე ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.