ირაკლი კირცხალია – 98%, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში სუროგაციის სერვისით, არ არის საქართველოს მოქალაქე
პირველ რიგში, ვსაუბრობთ როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო რისკებზე. ფაქტებიც ვიცით. ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც მთხოვთ, რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ხმამაღლა ვისაუბრო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმ მიმართულებით, რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.
მისივე თქმით, უცხოეთის მოქალაქეა 98 პროცენტი, ვინც სუროგაციის სერვისით საქართველოში სარგებლობს, ხოლო საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ დედობისა და მშობლობის უფლების დაცვის მხრივ.
„ტრეფიკინგზე და ამის რისკზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ მათქმევინებთ, რა ფაქტები ვიცით. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში და არ არის შეზღუდული ქვეყნები, სად გადიან, მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნოლი კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე, სად მიდის. გიდასტურებთ, ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია. რაც შეეხება რისკებს, ზუსტ ციფრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. დაახლოებით 2% არის საქართველოს მოქალაქე და სრულად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება, ვეღარ ისარგებლოს სუროგაციით. დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო, ყველაფერს ვიზამთ, რომ დედობას და მშობლობის უფლებას როცა ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით. მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და მოგიყვანეთ ციფრები – 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება, ის ქვეყანა, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის და იმ შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტ-ნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომლებიც ჩამოვთვალეთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.