ირაკლი ხმალაძე - ზონალური პარკირების საფასური ერთიდან სამ ლარამდე იქნება
ირაკლი ხმალაძე - ზონალური პარკირების საფასური ერთიდან სამ ლარამდე იქნება

ზონალურ პარკირების საფასური ერთიდან სამ ლარამდე იქნება, – ამის შესახებ ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ვიცე-მერის, ინფორმაციით, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე, სადაც ზონალური პარკირება ამოქმედდება, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მისივე ინფორმაციით, უკვე გამოიცადა თუ რამდენად გაატარებს ავტობუსებს აღნიშნული ქუჩა და განსაზღვრულია სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე აქამდე არ მოძრაობდა.

„ახალი ავტობუსების შემოსვლა ცოტა დაგვიანდა და პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე გადაიწია, რათა საპილოტე არეალში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში ახალი ავტობუსები მოემსახუროს ჩვენ მოქალაქეებს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზონალურ პარკირებასთან ერთად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება იმ არეალებში, სადაც შევა ზონალური პარკირების ახალი მოდელი, საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. შესაბამისად, ვინაიდან პირველი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული რაოდენობით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით.

პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ყველასთვის ცნობილია და კიდევ იქნება დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორი სისტემა იმუშავებს პირველი აგვისტოდან. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი – ეს არის ერთ, ორი და სამი ლარი“, – განაცხადა ხმალაძემ.