ირაკლი ხმალაძე - სტრუქტურული რეფორმის რეალურ შედეგებს მოსახლეობა თებერვლის ბოლოდან იგრძნობს
ირაკლი ხმალაძე - სტრუქტურული რეფორმის რეალურ შედეგებს მოსახლეობა თებერვლის ბოლოდან იგრძნობს

თუ ხელშესახებ შედეგებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ვიგულისხმებთ, მოსახლეობა შედეგებს თებერვლის ბოლოდან იგრძნობს, რადგან სტრუქტურული რეფორმა დაახლოებით, 22 თებერვალს დასრულდება და ამოქმედდება მერიის ახალი დებულება, – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ როდის იგრძნობს თბილისის მოსახლეობა სტრუქტურული რეფორმის რეალურ შედეგებს.

„ჩვენ ახლაც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუმცა, პროცესი და ციკლი გვაქვს ცოტა რთული. განახლებული სტრუქტურა ძალაში 22 თებერვლიდან შევა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს. თებერვლის ბოლოდან მოხდება ასევე მოქალაქეთა მომსახურების ოფისების მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ცენტრალიზება. ნებისმიერი მოქალაქე, მდებარეობის მიუხედავად, ნებისმიერ გამგეობაში მივა თუ მერიაში, მაღალი სტანდარტის მომსახურებას ერთი სარკმლის პრინციპით მიიღებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

“მოამბის” ჟურნალისტის, ქეთი ქაშაკაშვილის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თებერვლის ბოლოს კონკრეტული ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ და იგეგმება თუ არა საკადრო გადაადგილებები, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ შესაძლოა, საკადრო გადაადგილებები მოხდეს და გარკვეულ ადამიანებს შემცირებაც შეეხოს.

„ამაზე ვერ დავკონკრეტდები, რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თუ ხვალ საკრებულო ახალ დებულებას მხარს დაუჭერს, რისი იმედიც გვაქვს, შესაბამისი საკადრო რესურსის მობილიზება და მერიისა და მისი დაქვემდებარებული უწყებების დაკომპლექტება დებულების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ გამოიკვეთება, რეალურად რასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა.