ირაკლი ხმალაძე - რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესაბამისი საპარკინგე ადგილების შექმნა სწორი პოლიტიკა არ არის
ირაკლი ხმალაძე - რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესაბამისი საპარკინგე ადგილების შექმნა სწორი პოლიტიკა არ არის

ქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესაბამისი საპარკინგე ადგილების შექმნა სწორი პოლიტიკა არ არის, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად უნდა მოიხმარონ და შესაბამისად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ამ განცხადებით ირაკლი ხმალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა რაოდენობის საპარკინგე ადგილია თბილისში მაშინ, როცა რეგისტრირებულია 400 000–ზე მეტი ავტომობილი. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მოექცევიან თუ არა რეგულაციებში ე.წ სტაიანშიკები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გარეთ დგანან, ან აეკრძალებათ თუ არა მათ საქმიანობა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მათი საქმიანობის რეგულირება დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმის ნაწილი არ არის.

„ამ ადამიანებს მოქალაქეები თანხას ნებაყოფლობით ვუხდით იმისთვის, რომ პარკირების დროს გვეხმარებიან. თუ პიროვნებას მათთვის გადახდის სურვილი გააჩნია, შეუძლია, გადაუხადოს, ხოლო თუ სურვილი არ აქვს, შეუძლია ამ ადამიანთა შრომა არ მოიხმაროს და არ გადაუხადოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი