ირაკლი ხმალაძე - ოპოზიცია მიზანმიმართულად საუბრობს, რომ მერის მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ ეს ასე არ არის
ირაკლი ხმალაძე - ოპოზიცია მიზანმიმართულად საუბრობს, რომ მერის მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ ეს ასე არ არის

გადაცემაში სპეციალურად წამოვიღე სია, თუ როგორ თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ მერის მოადგილეები წლების განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გიგი უგულავას პერიოდში მერის მოადგილეების წლიური შრომის ანაზღაურება დაახლოებით, 75 000–ს, 80 000–ს, 81 000–ს, 84 000–ს და 89 000–ლარს შეადგენდა. დავით ნარმანიას პერიოდში მისი მოადგილეების წლიური შრომის ანაზღაურება 73 000–ს და 75 000–ლარს შეადგენდა, ხოლო თავად მერის ანაზღაურება 38 000 ლარი იყო. კახი კალაძის პერიოდში, ყოველთვიური ოდენობიდან გამომდინარე, შრომის ანაზღაურება წელიწადში არ შეიძლება აღემატებოდეს ვიცე მერის შემთხვევაში 75 000 ლარს, ხოლო მოადგილეების შემთხვევაში 73 800 ლარს.

შედარებისთვის, უგულავას მოადგილეს, პაპუნა პეტრიაშვილს 2013 წელს წლიური შრომის ანაზღაურების სახით 96 000 ლარი აქვს აღებული, რაც დაახლოებით 20 000 ლარით აღემატება წლიური შრომის ანაზღაურებას, რაც დღეს არსებული განაკვეთით მერის მოადგილეს შეუძლია აიღოს. ამ ყველაფრის მერე მიკვირს, როცა ეს ადამიანები საუბარს ისევ აგრძელებენ, რომ მერის მოადგილეებს ხელფასი ორ–ნახევარჯერ გაეზარდათ“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიცია მიზანმიმართულად საუბრობდა, რომ მერის მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

„გარდა იმისა, რომ ჩვენი სარგო და დანამატი ერთმანეთს შეერწყა ისე, რომ ჯამური ოდენობა არ შეცვლილა, პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდოსა და დანამატის გაცემა დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ხვალ საკრებულო დაგვიმტკიცებს, ჩვენი ყოველთვიური სარგო ეს იქნება და ამის ზევით თანხის მიღება არ შეგვეძლება“, – განაცხადა თბილისის ვიცე მერმა.

მისი თქმით, პრემიების ოდენობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა იყოს წლიური ოდენობის 10%, ისიც სამუშაოს სანიმუშოდ და ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში.

„რაც შეეხება მერის მოადგილეებს, მათზე და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიის, ანუ ფულადი ჯილდოს, ან დანამატის გაცემა კანონითაა აკრძალული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.