ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაცია საპროექტო სამუშაოების გამო ვერ დაიწყო
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაცია საპროექტო სამუშაოების გამო ვერ დაიწყო

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები პანდემიის გამო მეტროს გაჩერებისას ვერ დაიწყებოდა, რადგან მიმდინარეობდა საპროექტო სამუშაოები.

„მანამდე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ვერ დაემთხვეოდა. ეს ხომ დაგეგმილი არ იყო. პანდემიიდან გამომდინარე, მყისიერად მოუწია მთავრობას მეტროს გაჩერების გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.