ირაკლი ხმალაძე - 2018 წელს 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას ვგეგმავთ
ირაკლი ხმალაძე - 2018 წელს 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას ვგეგმავთ

2018 წელს 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას ვგეგმავთ, –  ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„2017 წელსვე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში 20 მილიონ ლარზე მეტი შეგვაქვს, რათა ახალი მატარებლების შეძენა, არსებული ვაგონების მოდერნიზაცია და ახალი შემადგენლობების დამატება მოხდეს, რომ საზოგადოებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ. ასევე, 60 მილიონი ლარიდან, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ თბილისის ბიუჯეტს დაუმატა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი გუდიაშვილისა და ორბელიანი მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გარკვეული ზომების მიღება სჭირდება.

„ესაა სტრუქტურული რეფორმა, რომლისთვისაც კანონმდებლობით სამთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამი თვის თავზე ჩვენ სრულიად ახალ სტრუქტურას მივიღებთ, სადაც ბიუროკრატია კიდევ უფრო მეტად შემცირებული იქნება; შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯი და ოპტიმიზირებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი, ავტომანქანები იქნება ეს თუ საწვავი“, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს ბიუჯეტის სახით შემოთავაზება წარუდგინა, სადაც 180 მილიონიანი სოციალური ხარჯი იყო.

„ხარჯი იყო, მაგრამ არ იყო არანაირი ლოგიკასთან დაახლოებული იდეა, ეს თანხა საიდან უნდა მოსულიყო. არცერთ მოთხოვნას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და ახლა იმაზე არიან გაბრაზებული, რომ მათი არც ერთი წინადადება გათვალისწინებული არ იქნა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა დედაქალაქის ხელმძღვანელობა საკრებულოს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაა. ხალხმა მხარი დაუჭირა იმ საარჩევნო პროგრამას, რომელიც კახა კალაძემ წარადგინა. თუ ოპოზიცია იმ ტალღაზე გადმოერთვება, რაც ქალაქს სჭირდება, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. გვაქვს ძალიან ამბიციური ოთხწლიანი პროგრამა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამის ყველა ელემენტი განვახორციელოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.